- საერთაშორისო მოლაპარაკებების პოლიტიკა
- რობერტ პუტნამმა პირველად შემოიღო მეტაფორა - თამაში ორ დონეზე, რომელიც ზუსტად ასახავს მოცემულ სიტუაციას. პუტნამის თქმით, „საერთაშორისო მოლაპარაკებების პოლიტიკა შეიძლება მივიჩნიოთ როგორც თამაში ორ დონეზე. ეროვნულ დონეზე შიდა ჯგუფები ცდილობენ თავიანთი ინტერესების განხორციელებას მთავრობაზე ზეწოლით, რომ მათ გაატარონ მათთვის სასარგებლო პოლიტიკა და პოლიტიკოსები მოიხვეჭენ ძალას ამ ჯგუფებს შორის კოალიციების ჩამოყალიბებით. საერთაშორისო დონეზე ეროვნული მთავრობები ცდილობენ, რომ მაქსიმალურად გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობა დააკმაყოფილონ შიდა ზეწოლა და ამავე დროს მინიმუმადე დაიყვანონ საგარეო მოვლენების სავალალო შედეგები. არც ერთი დონის თამაშის იგნორირება არ შეუძლიათ ცენტრალურ ფიგურებს მანმადე, სანამ მათი ქვეყნები არიან ურთიერთდამოკიდებულნი და ამავდროულად სუვერენულები.“ თითოეული ეროვნული პოლიტიკური ლიდერი ორ დაფაზე მოქმედებს: საერთაშორისოზე, სადაც მის ირგვლივ დგანან დიპლომატები და საერთაშორისო მრჩეველები და საშინაო დაფაზე, სადაც გვერდში ჰყავთ პარტია, პარლამენტი, მრჩეველები, სპიკერები და ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლები. პუტნამი ამბობს, რომ ორ დაფაზე თამაში ძალიან რთულია და დიდ პოლიტიკურ რისკებთან არის დაკავშირებული. მაგრამ, ზოგჯერ ჭკვიანი მოთამაშეები შენიშნავენ ხოლმე მოძრაობას ერთ დაფაზე, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გადაადგილებები მეორე დაფაზე, რაც საშუალებას აძლევს მას მიაღწიოს სხვაგვარად მიუღწეველ შედეგებს. ანალიზისათვის პუტნამი აკეთებს ორ დონეზე თამაშის დანაწევრებას რათა უფრო ადვილად იქნას აღქმული მათ შორის ურთიერთქმედება და კავშირი: 1. დიალოგი მოლაპარაკების მწარმოებლებს შორის, რომელსაც მივყავართ წინასწარ შეთანხმებამდე. დონე I. 2. ცალკეული განხილვები ამომრჩევლებს შორის მოაწერონ თუ არ მოაწერონ ხელი შეთანხმებას. დონე II.Source: აკობია ეკა. საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.